„რეზონანსი" - ლარის ბედი მთლიანად არჩევნებზე გახდა დამოკიდებული

ლარი პოლიტიკური ფაქტორების გავლენას განიცდის.

წინასაარჩევნოდ კურსი ცოტათი გამყარდა, თუმცა საზოგადოებაში ნაკლებად არის მოლოდინი, რომ ტენდენცია არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  სპეციალისტები ნაკლებად იზიარებენ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას პოზიციას, რომ „ლარს არაფერი სჭირს". ფინანსისტების გათვლით, ლარის კურსი გარკვეულ პერიოდში 2,70-ის ფარგლებში შენარჩუნდება. მინისტრი კი იქადნება რომ კურსი კიდევ გამყარდება.

„არჩევნების შემდეგ ნახეთ რა იქნება, შეიძლება ლარი 2,70-ზე ქვემოთ ჩამოვარდეს", - განაცხადა ქობულიამ პირველი არხის ეთერით. თუ ამომრჩეველი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს და მას საშუალებას მისცემს, აღებული კურსით იმოძრაოს, ეკონომიკის ზრდა იქნება არა 4,9-5%, რასაც დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, არამედ მთავრობას შეუძლია, ეს მაჩვენებელი წელიწადში 7-7,5%-მდე ასწიოს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, სჯერა,M რომ ლარი უფრო გაძლიერდება.

„ლარს რომ რამე სჭირდეს, ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იზრდებოდეს და ამასთან ერთად, სავაჭრო დეფიციტი ძალიან სწრაფად უნდა გვეზრდებოდეს, ან ამას რაღაც ეკონომიკური საფუძველი უნდა ჰქონდეს. ღრმა ანალიზის შედეგად, ჩვენ ეკონომიკურ საფუძველს ვერ ვხედავთ", - განაცხადა ქობულიამ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლარს ხელოვნურად ამყარებენ. ამ პოზიციას იზიარებს „ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომლის შეფასებითაც არჩევნებამდე ლარი 100%-ით ექვემიდებარება პოლიტიკურ ფაქტორებს, რის გამოც ის 2,70-იანი ნიშნულის ფარგლებში იტრიალებს.

„ძნელი სავარაუდოა, არჩევნების შემდეგ რა მოხდება. ველოდები, რომ კურსი ცოტათი გაუფასრუდება. მართალია, მინისტრი ამბობს, რომ ლარი გაძლიერდება, მაგრამ რას მოიმოქმედებენ ბანკები და როგორ განვითარდება სავალუტო პროცესი, ეს უკვე სხვა თემაა. ხელოვნურად თუ აკონტროლებენ ამ სიტუაციას, პირდაპირ თქვან, რომ არავითარი მცურავი თუ გაცვლითი კურსი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, გვაქვს შედეგი, რაც ეროვნული ვალუტის კურსს უკავშირდება.

ყოველი არჩევნების შემდეგ ძალიან გვიჭირს თქმა, რომ ლარი გამყარდება, ასე იშვიათად ხდება. ჩვენ ფუნდამენტურად 20 დეკემბრიდან ვვარაუდობდით ლარის დასტაბილურებას, მაგრამ ამ ვარაუდს ჯერჯერობით ეჭვქვეშ ვაყენებთ სწორედ ამ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე", - ამბობს შენგელია და დასძენს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნოდ მოცემული კურსი და ცუდია, რომ მეტად ვერ გაამყარეს ლარი.

„რეალურად, მეტი იყო შესაძლებელი, მაგრამ სებ-ის მიერ 10 მლნ დოლარის შესყიდვამ ლარის გამყარების პროცესი დაამუხრუჭა. ამ ეტაპზე გვაქვს სულ სხვა მოცემულობა. არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება. მართალია, 20 დეკემბრიდან ველოდებოდით გამყარებას, მაგრამ ახლა უკვე მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ.

ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეჩერებულია, რეალურად, არაფერი ხდება. ესეც ამ წუთში ხელის შემწყობი ფაქტორია კურსის გასამყარებლად, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით, ეს პროცესი რამდენ ხანს გასტანს", - ამბობს შენგელია.

განსხვავებული პოზიცია აქვს საბანკო სფეროს სპეციალისტ გოჩა თუთბერიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ პანიკა ჩაცხრება და ლარის კურსი `თავის ადგილს~ დაუბრუნდება.

„სიტუაციას პოლიტიკური ძალები ძაბავენ. პანიკური ვითარება თუ არ შეიქმნება, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ მოთხოვნა დოლარზე შემცირდება. მოკლევადიან პერიოდში ეს კურსზე აისახება. მთავარია, ფუნდამენტური ფაქტორები როგორია. მაინცდამაინც დიდი საშიშროება ამ კუთხით არ არის.

ზოგადად, სამომავლოდ გამყარდება თუ არა კურსი, არ ვიცი, ეს დამოკიდებულია ფუნდამენტურ ფაქტორებზე, როგორი იქნება ვალუტის შემოდინება და გადინება, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, ინვესტიციები და სხვა. უამრავი მდგენელია, რომელიც განსაზღვრავს გაცვლით კურსს, რასაც ემატება ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებში არსებული ვითარება.

არაერთხელ მითქვამს, რომ კურსთან დაკავშირებით პროგნოზი შეუძლებელია. არჩევნები ამ შედეგს ვერ განსაზღვრავს, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში გავლენას ნამდვილად იქონიებს. შესაძლოა, სპეკულაციური გადახრები მოხდეს, მაგრამ კურსი თავის ადგილს მალევე დაუბრუნდება. მთავარია, მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს", - განუცხადა თუთბერიძემ `რეზონანსს~ და დასძინა, რომ რეალურად კურსი ქართული ეკონომიკის მდგომარეობას ასახავს.

„მინისტრის პოზიციას კურსთან დაკავშირებით ნაწილობრივ ვეთანხმები. პოლიტიკური ძალებისთვის ხელსაყრელია დრამატიზება. რეალურად, კურსი ქართული ეკონომიკის მდგომარეობას ასახავს. ამ თვალსაზრისით, პროცესებს მშვიდად ვაკვირდები. ინტერვენციები არ განხორციელებულა, სებ-ს დოლარი არ გაუყიდია, პირიქით, იყიდა, თუმცა კურსს პოლიტიკური განცხადებების გავლენა დაეტყო. ეს მოკლევადიანი ეფექტია, რადგან ფუნდამენტური ფაქტორები არ იცვლება", - ამბობს თუთბერიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"