საქართველოში ე.წ. ლომბარდული ტიპისი სესხები არ იკრძალება.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
შესაბამისად, გამოდის რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, მას შემდეეგ რაც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საქონლის ან ფასიანი ქაღალდების დაგირავებით სესხის მიღებას.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან სესხის გაცემისას სავალდებულო იქნება მსესხებლის შემოსავლის დადასტურება/შეფასება. თუმცა, გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მათ შორის მაგალითად, ლომბარდული სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში, ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით შემოიფარგლება. ეს კი ნიშნავს რომ სესხის გამცემი სუბიექტის მხრიდან კლიენტის სხვა ქონების დასაკუთრება ვეღარ მოხდება.
„ე.წ. ლომბარდულ სესხები არ იკრძალება, თუმცა, სესხის გამცემის მოთხოვნა შემოფარგლული იქნება მხოლოდ უზრუნველყოფაში წარმოდგენილი ქონებით და ვეღარ მოხდება კლიენტის სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევა/დასაკუთრება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს არ აქვს დადასტურებული შემოსავალი (ფორმალური ან არაფორმალური), გამსესხებელს უფლება ექნება გასცეს ლომბარდული სესხი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით, უძრავი ქონებით სრულად უზრუნველყოფილ სესხზე, როდესაც სესხის დაფარვის წყაროა გირაოში ჩადებული აქტივის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი,“-აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.