"GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს"

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორის ლუკა ჩაჩიბაიას განცხადებით, gwp-მ წელს 140 კილომეტრზე მეტი წყლისა და წყალარინების ქსელი შეცვალა და განაახლა.ქსელის გაყვანა დაიწყო ასევე ისეთ უბნებში, სადაც ისტორიულად წყლის მიწოდება აქამდე არ ყოფილა.

ჩაჩიბაია განმარტავს, რომ მიმდინარე წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

„წელს 140 კილომეტრზე მეტი წყლისა და წყალარინების ქსელი განვაახლეთ. წელს მასშტაბური პროექტები განვახორციელეთ, მაგალითად, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე მთლიანად გამოვცვალეთ ქსელები. კახეთის გზატკეცილის ორივე მხარეს სრულად ვაახლებთ წყალმომარაგების სისტემას. გარდა ამისა სხვა ბევრი პროექტი განვახორციელეთ ქალაქის მასშტაბით ისეთ უბნებში როგორიცაა ვაზისუბანი, ვარკეთილი, გლდანი. ურბანული განვითარებისთვის მოვაწყეთ როგორც წყლის, ასევე წყალარინების ქსელები ისეთ ადგილებში, სადაც ისტორიულად წყლის მიწოდება არ ყოფილა - ასეთია ბეთანია, კვესეთი, კაკლები. ამ ადგილებში ხდება მთლიანად 35 კილომეტრი სიგრძის ქსელის გაყვანა. კაკლების პროექტი უკვე საბოლოო ეტაპზეა და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება ბეთანიასა და კვესეთს, ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში მოხდება სამუშაოების დასრულება. ამ ეტაპზე 4000 კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელების მომსახურებას ვეწევით, რომლის 35% უკვე განახლებულია“,-აცხადებს ლუკა ჩაჩიბაია.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ კომპანიამ წელს 140 კმ სიგრძის ქსელი განაახლა, ასევე, დაასრულა ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია - მოდერნიზაცია და ბოდორნაჰესის მშენებლობა.