სწრაფი ფულადი გზავნილების მიხედვით რუსეთი კვლავ ლიდერობს. გასული წლების მსგავსად როგორც საქართველოში გადმორიცხვების, ისე ქვეყნიდან გადარციხვების მიხედვით რუსეთი პოზიციებს არ კარგავს.
საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით მეორე ადგილზეა იტალია, მას მოჰყვება საბერძნეთი, ამერიკა, ისრაელი და თურქეთი. ეს ის ქვეყნებია სადაც ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება.
რაც შეეხება გადარიცხვებს, აქ პირველ პოზიციაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთია. მეორე ადგილზეა თურქეთი, მას მოქყვება უკრაინა, აზერბაიჯანი და საბერძნეთი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 1 292 545 200 დოლარი გადმოირიცხა, რაც 173,5 მლნ დოლარით, 15%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთიდან 1 119 015 000 დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება საქართველოდან გზავნილებს, აქაც ზრდა ფიქსირდება. თუ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 168 981 300 დოლარი გადაირიცხა, წელს 10 თვეში ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 188 072 300 დოლარი გავიდა.
ბოლო წლების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 2015 წელს საქართველოში 1 079 952 100 დოლარი გადმორიცხა, 2016 წელს - 1 151 236 200 დოლარი, 2017 წელს კი ფულადი გზავნილების მოცულობამ 1 379 462 500 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გადარიცხვებს, 2015 წელს ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 170 843 800 დოლარი გადაირიცხა, 2016 წელს - 194 026 800 დოლარი, 2017 წელს კი - 208 678 200 დოლარი გავიდა.
სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარზე 20-მდე საფინანსო სისტემა მოქმედებს, მათი უმრავლესობა ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშია ინტეგრირებული.
ფულადი გზავნილების მთლიან ბრუნვაში ბაზრის ლიდერია Zolotaia Korona, წელს 10 თვეში ამ სისტემით განხორციელებულ,ა გზავნილებმა მთლიანი გზავნილების 21% შეადგინა, მეორე პოზიციაზეა - Western Union- 17%-ით, ხოლო მესამეზე Unistream-ი - 8,9%-ით.