2018 წლის 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შიდა ფრენებზე მოთხოვნა შემცირდა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორამციის თანახმად, 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტები 260 მგზავრით ნაკლებს მოემსახურა, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
კერძოდ, 2018 წელს ჯამში - 7601 მგზავრი:
მესტიის მიმართულებით - 6173
ამბროლაურის მიმართულებით - 1428
2017 წელს ჯამში - 7861 მგზავრი:
მესიის მიმართულებით - 6369
ამბროლაურის მიმართულებით - 1492
აღსანიშნავია, რომ შიდაფრენებზე მოთხოვნა ძირითადად ტურისტულ სეგმენტზე მოდის.
შიდა ფრენების განმახორციელებლ კომპანია „აკ-ეარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მგზავრთ ნაკადის სტატისტიკის ანალიზს ზოგადად წლის ბოლოს ახორციელებენ. თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ლევან მაწიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, შესაძლოა, მგზავრთების შემცირება ტურისტების გარკვეული სეგმენტის ნაკლებობამ გამოიწვია.
„ჩვენ სტატისტიკას ვაწარმოებთ მგზავრთა ნაკადის წლიური დათვლის შემდეგ. იმიტომ, რომ თუ 10 თვის მონაცემებით, 260 მგზავრით ნაკლები იყო, შესაძლოა, წლის ბოლოს გასული წლის მონაცემს გადააჭარბოს კიდეც. თუმცა წინა წელთან შედარებით, ჩვენ ტურისტების დანაკლისი გვაქვს და სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. მაგალითად, წელს მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ტურისტების გარკვეული კატეგორია, რომელიც შესაძლოა, საქართველში ჩამოსულიყო, ამჯერად ჩემპიონატზე წავიდა“,-აცხადებს ლევან მაწიაშვილი.
ცნობისთვის, ამბროლაურის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ორჯერ: პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულება ზრდასრულებისთვის 50 ლარია. 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა. მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-მესტიის ერთი გზის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - 63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.