მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტროენერგია საბითუმო მიმწოდებლისგან მიიღოს. თავის მხრივ, ამ სუბიექტს - ელექტროენერგიის საბითუმო მომწოდებელს უფლება ექნება ელექტროენერგია იყიდოს ელექტროსადგურებისგან, იმპორტიორებისგან ან იმპორტით თვითონ შეისყიდოს და შემდეგ მომხმარებელებს მიაწოდოს.
შესაბამისი საკანომდებლო პროექტის ინიცირება პარლამენტში ახლო მომავალში იგეგმება. როგორც დეპუტატმა რევაზ არველაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროექტის მიხედვით, ცვლილებება მხოლოდ იურიდიული პირებს შეეხება, ხოლო მოსახლეობა არსებულ რეჟიმში რჩება.
“საკანონმდებლო პროექტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველოს ევროენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას უკავშირდება. მათი მოთხოვნაა, რომ თანდათანობით, ეტაპობრივად ყველა მომხმარებელი თავისუფალ ბაზარზე გადავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ვალდებულება ეძლევა, ელექტროენერგიის მომწოდებელი თვითონ ეძებოს. ელექტროენერგიის მომწოდებელი შეიძლება იყოს ელექტროსადგური, იმპორტიორი, რომელსაც ელექტროენერგია იმპორტით შემოაქვს. იმის გამო, რომ მომხმარებელი საკმაოდ ბევრია, შემოდის ახალი სუბიექტი - ეს იქნება ელექტროენერგიის საბითუმო მომწოდებელი, რომელიც ელექტროენერგიას იყიდის ელექტროსადგურებიდან ან იმპორტიორისგან ან თვითონ იმპორტით იყიდის ელექტროენერგიას და მომხმარებლებს მიაწოდებს. დღეს არსებული კანონით, ეს შემოღებულია მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მომხმარებლისთვის, რომელიც თვეში არანაკლებ 15-მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამას მომხმარებელთა დიდი რაოდენობა დაემატება, რომლებიც მხოლოდ იურიდიული პირები იქნებიან. იურიდიული პირების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება. ისინი საშუალო შეწონილად იმ იაფ ენერგიას მოიხმარენ, რომელიც საქართველოშია. ვინაიდან მოხმარება იზრდება, იზრდება ან თბოსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ან იმპორტი. ახალი ელექტროსადგურები რომ იყოს, ელექტროენერგია იქაც ძალიან ძვირია. ამიტომ ტარიფი არ შეიძლება რომ არ გაიზარდოს. სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზარდოს, იურიდიულ პირებს ნელ-ნელა თავისუფალ ბაზარზე ვუშვებთ“, - განუცხადა რევაზ არველაძემ “ინტერპრესნიუსს“.
ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, უკვე 2021 წლიდან მოსახლეობასაც ექნება საშუალება ელექტროენერგია საიდანაც უნდა იყიდოს - იქნება ეს “თელასი“ თუ სხვა სუბიექტი და ენერგოსისტემა და “თელასიც“ ვალდებული იქნება, “გაუტაროს და სახლამდე მიუტანოს“.