"მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ტენდერისათვის თანხას აზიის განვითარების ფონდი გამოყოფს.

მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ. მათ საზოგადოებას საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

ადგილზე წარმოდგენილი იყო ბანერები, თუ როგორ სახეს მიიღებს დასრულებული მეტროპოლიტენის ახალი სადგური, რომლის მშენებლობა 21 წლის წინ შეჩერდა.

ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისში უკვე გამოვლენილი იქნება კომპანია, რომელიც ახალი სადგურის მშენებლობას განახორციელებს. თავად მშენებლობის პროცესი ორი წელი გაგრძელდება და 2016 წლისათვის დასრულდება.

მისივე თქმით, ტენდერისათვის თანხას აზიის განვითარების ფონდი გამოყოფს.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს წინასწარ ვერ დაასახელა, თუ რა თანხა იქნება გამოყოფილი. მისივე თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ტენდერში წარმოდგენილი კომპანიების შეთავაზებულ წინადადებებზე.

ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ილია დარჩიაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 26 აგვისტოა. ამის შემდეგ მოხდება წარდგენილი წინადადებების განხილვა და შერჩევის პროცესი. მისი განმარტებით, ფონდი შეეცდება ეს პროცესი მაქსიმალურად ფორსირებულად განახორციელოს და გამოავლინოს გამარჯვებული კომპანია.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბის რეაბილიტაცია, საერთო სიგრძით 2,6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობების ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟო სისტემები; ასევე, სიგნალიზაციის, მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები; გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელი.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2002 წლისათვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისისა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. მეორე ხაზი კი, ამ დრომდე არ არსებობს. "ვაჟა-ფშაველას" და "უნივერსიტეტის" სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.

2016 წლისთვის მშენებლობის შედეგად, "დელისისა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროს სადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს, ახალი, 23-ე სადგური დაემატება.