საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ზუგდიდში, ფერმერის დღე აღინიშნება

18 ნოემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ფერმერის დღე აღინიშნება.

ფერმერთა ასოციაციის ცნობით, ღონისძიებას დაესწრება 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერი მთელი საქართველოდან.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები.

ფერმერის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება 15:00 საათზე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება, 17:00 საათზე კი, ღონისძიება ოფიციალური ნაწილით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაციით გაგრძელდება, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წარადგენს.

პრეზენტაციის შემდეგ დაჯილდოვდება 23 წარმატებული ფერმერული მეურნეობა. დღის ბოლოს ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება.