თბილისის მერია სათამაშო მოედნების მოწყობისთვის 3 მილიონის დახარჯვას აპირებს

თბილისის მერია სათამაშო მოედნების მოწყობის სამუშაოებში სამი მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

შესაბამისი სატენდერო განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სატენდერო ინფორმაციის მიხედვით, მარტივი ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა, აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები 40 000 კვ.მეტრზე უნდა განხორციელდეს, მანამდე კი ამავე ფართობზე არსებული ხელოვნური საფარის დემონტაჟი და სპეც. ნაგავსაყრელზე გატანა უნდა მოხდეს.

სატენდერო განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი მოედნის მოწყობა იგეგმება. სატენდერო პირობებში მხოლოდ ის არის მითითებული, რომ ტენდერში გამარჯვებულს სამუშაოების წარმოება ერთდროულად მინიმუმ 30 ადგილზე უნდა შეეძლოს.

აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს 2011 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა, აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

სატენდერო წინადადებების მიღება 13 ივლისს იწყება და 18 ივლისს დასრულდება.