საქართველოში 79 960 ავტომანქანაა დაზღვეული

საქართველოში ერთ წელიწადში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 24,3%-ით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მანქანის დაზღვევის კულტურა მაინც დაბალია.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული. კერძოდ, 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით ავტომანქანის დაზღვევის 79 960 პოლისია გაცემული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 665 პოლისით მეტია.

ამავე სტატისტიკით, ავტოდაზღვევიდან მოზიდული პრემია 64,57 მლნ ლარს შეადგენს. პრემიის 25%, 16.23 მლნ ლარი - ,,ალდაგზე” მოდის, 24%, 15.53 მლნ ლარი - ,,თიბისი დაზღვევაზე”, 16%, 10.19 მლნ ლარი ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე”. მე-4 და მე-5 ადგილს 5-5%-ით „ალფა“ და „ირაო“ ინაწილებენ, 25% კი ყველა დანარჩენ სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.

რაც შეეხება ბოლო 3 წლის სტატისტიკას, ასე გამოიყურება: 2016 წელს საქართველოში სულ 54 443 ავტომანქანა იყო დაზღვეული, 2017 წელს - 64 295, 2018 წელს კი 79 960 ერთეულ სახმელეთო ტრანსპორტზე იყო გაცემული სადაზღვევო პოლისი.