ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფინანსური ორგანიზაციების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეთა დავალიანებების განულების ინიციატივის განხორციელებისთვის მადლობა ფონდ “ქართუს“ გადაუხადა.
როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“.
მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნოლდება.
“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.