ეს 600 000 ახალი სტარტაპია - ახალი წელი ბევრისთვის ახალი შესაძლებლობებით დაიწყება,- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საფინანსო სექტორის „შავ სიაში“ მყოფი პირების დავალიანებების განულების გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, “პრემიერ-მინისტრი თავის სიმაღლეზეა“.
“ხალხისთვის გაკეთებული ყველა სიკეთე ხელისუფლების სიძლიერის ნიშანია. ჩვენს ეკონომიკას ადამიანები პარტნიორების და არა მოვალეების სახით სჭირდება. 600 000 გამოცდილება მომავალში შეცდომებისგან უფრო დაგვაზღვევს, ვიდრე შებოჭილი და დეპრესიული ადამიანების არმიის არსებობა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.
“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.