„გაჩნდა პრეცენდენტი, რომ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო თქვენ ვალი გეპატიოთ“, - ასე ეხმაურება ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი 600 000-ზე მეტ მოქალაქის საბანკო დავალიანების განულებას გულისხმობს.
„ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით ძალიან დაზარალდება საფინანსო სექტორი. მოსახლეობას ექნება შეგრძნება, რომ ფინანსური ვალდებულებების დაფარვას ვერავინ მოსთხოვს. ეს არის ყველაზე ცუდი“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი ბერძენაძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“. მისი თქმით, ეს 600 000 ადამიანი გამოყოფილია შემდეგი კრიტერიუმით: ვისაც ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2000 ლარამდე.