ე.წ. პრესტიჟული ნომრების მფლობელებს ახალი ნომრის აღებისას თანხის დამატება მოუწევთ

ე.წ. პრესტიჟული, ძვირადღირებული საავტომობილო ნომრის მფლობელებს ძველი ნიმუშის ნომრების ახლით შეცვლისას იმ სხვაობის გადახდა მოუწევთ, რომელიც ძველსა და ახალს შორის იქნება.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი შესაბამისი კანონპროექტის გარდამავალი დებულებების ნაწილში ნათქვამია, რომ ძველი სარეგისტრაციო ნომრის ახალი ნომრით შეცვლისას, ერთი წყვილი ახალი ნიმუშის სარეგისტრაციო ნომრის საფასური 35 ლარს შეადგენს, თუ ახალი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურისა, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი, ძველი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის.

ამასთან, პროექტში ასევე ნათქვამია, რომ "ძველი სარეგისტრაციო ნომრის ახალი ნომრით შეცვლისას, ერთი წყვილი ახალი ნიმუშის სარეგისტრაციო ნომრის საფასური შეადგენს სხვაობას ახალი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილ საფასურს და იმ საფასურს შორის, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი, ძველი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის, თუ ახალი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისთვის დადგენილი საფასური იმ საფასურზე მეტია, რაც განსაზღვრული იყო ძველი ნიმუშის ნომრისთვის".

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შს მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ძველი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება. ამავე პერიოდამდე შენარჩუნდება მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზირებული თვითმავალი მანქანისა და მოტოციკლის აქამდე არსებული სანომრე ნიშნების იურიდიული ძალა.

ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისა და გაცემის წესს და დამატებით პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებათა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების საფასურები განსაზღვრა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართა.