აფბა-ს ანალიტიკოსი ჭარბვალიანობის დაძლევის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას უპრეცედენტოს უწოდებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ჭარბვალიანობის დაძლევის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცხადებული ინიციატივა არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც დაახლოებით 600 ათას ადამიანს მისცეს საშუალებას, ბანკებთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.

„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ზოგადად, საბანკო სექტორში სამართლიანი წესების დამკვიდრებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის და ამ თემაზე ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის დროიდან საუბრობს. ეს იდეა ახალი არ არის და კარგია, რომ მისი განხორციელების კონკრეტული თარიღი დასახელდა. ეს არის სამართლიანი წესების გაგრძელება და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იმისათვის, რომ მოსახლების დიდ ნაწილი, დაახლოებით 600 ათასი ადამიანი, ვინც პრაქტიკულად ვერ მონაწილეობდა ეკონომიკურ პროცესებში, გააქტიურდნეს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ბანკებთან ურთიერთობა. მათი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესში მნიშვნელოვანია. პირადად ჩემთვის, ეს არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა და ვფიქრობ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტს ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა გვიდიანმა.

მისივე თქმით, ეკონომიკაში სამართლიანი წესების დამკვიდრება მოსახლების დიდ ნაწილს საშუალებას მისცემს განთავისუფლდეს ვალებისგან და აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებას ეხება, რომელთაც გააჩნიათ დავალიანება ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.