სტატისტიკის ეროვნული საგენტოს მონაცემებით, 2018 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა იქ დასაქმებულთა რიცხვი შემცირდა.კერძოდ, 2018 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 51 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, სადაც 901 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 2017 წლის მე-3კვარტალში 43 ერთეული სამაცივრე მეურნეობა, სადაც დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 993 კაცით განისაზღვრა.
გარდა ამისა, საქსტატის მონაცემებითვე, 2018 წლის მე-3 კვარტალში სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონში (35,3 %) და ქ. თბილისშია (17,6%) განთავსებული. თუმცა, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის (13,7%), ქვემო ქართლის (11,8 %), იმერეთის (7,8 %), კახეთის (5,9%), მცხეთა-მთიანეთის (5,9%) და გურიის (2,0%) რეგიონში.
2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 339 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 225 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 901 კაცით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებითვე, 2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 51,0 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 57,0 % ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,8 % პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9,3 % ხილი და ბოსტნეული, 8,9 % - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 2,6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,5 მლნ. ლარი შეადგინა.
2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 19,2 მლნ. ლარის ღირებულების (5,2 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (79,2%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 94,2 % მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (70,5 %), ხილი და ბოსტნეული (17,8 %) და თევზეული (8,4 %) წარმოადგენდა.
სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 45,9 %, აგვისტოში - 48,5%-ს, ხოლო სექტემბერში 55,4%-ს.