„სოცდაუცველებისა და შშმ პირებისთვის სესხის ხანდაზმულობის ვადა განსხვავებულად დაანგარიშდება“

სოცდაუცველებისა და შშმ პირებისთვის სესხის ხანდაზმულობის ვადა განსხვავებულად დაანგარიშდება, - ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის პროგრამაში საუბარია იმ სესხებზე, რომელიც ვადაგადაცილებული იყო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, ანუ თუ არის 320 დღეზე მეტი ვადაგადაცილება და ძირი თანხა 2018 წლის 19 ნოემბრისთვის შეადგენს 2000 ლარს ან მასზე ნაკლებს.

„განსხვავებული მიდგომაა შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების სესხებზე. ამ შემთხვევაში სესხი ვადაგადაცილებაში უნდა იყოს 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, აქაც დავალიანება 2018 წლის 19 პოქტომბრამდე უნდა იყოს არაუმეტესე 2 ათასი ლარისა. ორივე შემთხვევაში, სესხი არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, დეპოზიტით ან ძვირფასი ლითონით“, - განაცხადა ძნელაძემ. 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“. მისი თქმით, ეს 600 000 ადამიანი გამოყოფილია შემდეგი კრიტერიუმით: ვისაც ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2000 ლარამდე.