"დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება"

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვარებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტიპის უმძიმეს პრობლემებს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება“.

„როგორც გუშინ დავაანონსეთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი წარუდგინა. ამ პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. სასიხარულოა, რომ 600 ათასზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან სრულად გამოისყიდის მოქალაქეთა ამ დავალიანებას და 15-დან 31 დეკემბრამდე პერიოდში 600 000 ზე მეტი ადამიანის დავალიანებას გაანულებს. ხაზს ვუსვამ, ამ დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. საუბარი შეეხება ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან მოვალეთა რეესტრში და მათი დავალიანების დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ასეთი კი „შავ სიაში“ მყოფ ადამიანთა 95%-ია და მათი დავალიანების ჯამური თანხა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვარებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტიპის უმძიმეს პრობლემებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და შევქმნით ღირსეული ცხოვრების პირობებს თითოეული ადამიანისთვის“,- განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.