კახა კალაძის განცხადებით, „ნუგეშის“ ჯიხურების აღებას თბილისის მერია არ გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნუგეშის“ ჯიხურების აღებას თბილისის მერია არ გეგმავს.მისი თქმით, ჯიხურები ზოგიერთ შემთხვევაში საფეხმავლო ბილიკზეა განთავსებული ან ტრანსპორტის გადაადგილებას უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჯიხურების ადგილმონაცვლეობა მოხერხდეს.

„ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით არის ისეთი ადგილები, სადაც ჯიხურები განთავსებულია საფეხმავლო ბილიკებზე და ხელს უშლის ქვეითად მოსიარულეებს. არის ისეთ ადგილებზე, რომელიც ტრანსპორტს უშლის ხელს, პრობლემას წარმოადგენს ურბანული თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ, ადგილმონაცვლეობას ვუკეთებთ. ჯიხურების დახურვა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ასეთი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, ასეთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და არც მომავალში მივიღებთ. პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით ადგილმონაცვლეობა მოვახერხოთ და მოვძებნოთ ისეთი ადგილები, რომელიც მათთვისაც მისაღები იქნება და ზოგადად, მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.