არავითარი მილიარდ ნახევარი “ქართუდან“ არ გავა - შეუძლებელია, რომ “ქართუმ“, რომელსაც 900 მილიონიდან -1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.
გოცირიძის განმარტებით, ვალების განულების მექანიზმი არის კომერციული ბანკების მიერ სიმბოლურ ფასად “ქართუსთვის“ სესხების “გადალოცვა“ და მისთვის დივიდენდების ჩუქება.
დეპუტატის მტკიცებით, ტყუილია იმაზე საუბარი, რომ მილიარდ ნახევარი ოდენობის ვალის ჩამოწერა ხდება.
“როგორც განაცხადეს, მხოლოდ 2 000 ლარამდე სესხი ჩამოიწერება. კვლავ მორიგი ტყუილი შემოგვთავაზეს - ეს მილიარდ ნახევარი არ არის. შეუძლებელია, რომ “ქართუმ“, რომელსაც 900 მილიონიდან -1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს. სინამდვილეში მექანიზმი არის ასეთი: - კომერციული ბანკები იაფად, სიმბოლურ ფასად მიჰყიდიან სესხებს “ქართუს“. რეალურად, კომერციული ბანკების მხრიდან ხდება ამ ფულის ჩამოწერა და ბანკ “ქართუსთვის“ დივიდენდების ჩუქება - არავითარი მილიარდ ნახევარი „ქართუდან“ არ გავა - ეს იქნება ერთი ან ორი ათეული მილიონი“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, როდესაც კომერციულ ბანკებს შორის ფინანსური გარიგება და ერთი კატეგორიის ბანკებიდან მეორე ბანკისადმი სესხის დათმობა მთავრობის აქცია ხდება, ეს არის კანონდარღვევა.
“რა შუაშია მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, როდესაც გარიგება კომერციულ ბანკებს შორის ხდება?! ეს საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების კიდევ ერთი ფორმაა. არის ამომრჩევლის მოსყიდვის პირდაპირი მცდელობა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.