ნავთობის ფასმა ახალი სავაჭრო კვირა ზრდით დაიწყო. ამის მიზეზი არის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი ცდილობს, OPEC-ის წევრები და რუსეთი, ნავთობის მიწოდების შეკვეცაზე დაითანხმოს. ამგვარად, ნავთობის ფასი უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, იზრდება.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 24 ცენტით, 67.00 დოლარამდე გაიზარდა, ბარელი დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 38 ცენტით გაიზარდა და 56.84 დოლარს მიაღწია.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაცია (OPEC) და მისი ლიდერი საუდის არაბეთი, არაწევრ ქვეყნებთან ერთად, მსოფლიო ბაზარზე დღიური მიწოდების 1.4 მილიონი ბარელით შეკვეცას გეგმავენ. მიმომხილველები თვლიან, რომ ამ განზრახვას ხელს ვერაფერი შეუშლის. ყოველ შემთხვევაში, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს - OPEC-ი ამ საკითხს თავის უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რომელიც ვენაში, 6 დეკემბერს გაიმართება.
რუსეთიც, რომელიც OPEC-ის წევრი არ არის, ამ შეთანხმებაზე დათანხმებას აპირებს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა OPEC-თან პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.
ფასის ზრდის მიუხედავად, ნავთობის ფასი ოქტომბრის პიკს (86.74 დოლარი) მაინც დაახლოებით 25 პროცენტით არის დაშორებული. ეს მასზე მოთხოვნის კლებამ და შეერთებულ შტატებში, საუდის არაბეთსა და რუსეთში მოპოვების რეკორდულმა ზრდამ გამოიწვია.
ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ სავაჭრო ომს, ორი უდიდესი ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება შეუძლია, რაც ნავთობზე მოთხოვნის კლებას გამოიწვევს. ამის გამო, ფონდების მენეჯერებმა, პროგნოზები შეამცირეს.