ფოთის საზღვაო ნავსადგური ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურში 263 250 TEU კონტეინერი გადამუშავდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 14,8%-ით მეტია.როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან იუწყებიან, ტვირთბრუნვის ზრდა ძირითადად შემდგომ გარემოებებს მიეწერება - ნავთობის ფასის ზრდამ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საშუალება მისცა, რამაც, შესაბამისად, სხვა ტიპის კომერციული გარიგებების ზრდა გამოიწვია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ერთად, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციამ გარკვეული ტვირთების სახმელეთო სექტორიდან საზღვაო მარშრუტებზე გადასვლა გამოიწვია.

„2018 წლის პირველ 9 თვეში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა ბევრად მეტად, ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით წინა წლის ბოლოს. საქართველოს ნავსადგურები ძირითადად ემსახურება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ამ სამი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 3,3% იყო და ვვარაუდობდით, რომ ჩვენი ტვირთბრუნვა დაახლოებით 5%-ით გაიზრდებოდა. პირველ 9 თვეში დაფიქსირდა შესაბამისი ქვეყნების უფრო სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რამაც შესაბამისად გამოიწვია საკონტეინერო ბაზრის მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 15%-ით გაზრდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ახლა უფრო მეტ ფულს ხარჯავენ იმპორტირებულ საქონელზე (მანქანები, ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, საკვები და ა.შ), რომელიც ძირითადად აზიიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან შემოდის“, - განაცხადა „მაერსკ ლაინის“ ხელმძღვანელმა საქართველოში ირაკლი კანდელაკმა.

მისივე ინფორმაციით, წელს ფოთის პორტში გადამუშავებული კონტეინერებიდან 9,6% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოდის.

„2018 წლის 9 თვეში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გადაამუშავა 4 მილიონ 700 ათასი ტონა ტვირთი.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ტვირთების 31,4% იმპორტზე მოდის, 23,2% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 45,4%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხდება ყველა სახის სატვირთო მომსახურების განხორციელება და იგი ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში. საერთო ჯამში, საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს ფოთის პორტზე მოდის, შესაბამისად მას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს როგორც საქართველოს, ისე მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში.

ფოთის პორტის მმართველი კომპანია „ეიპიემ ტერმინალსი“ მუდმივად აუმჯობესებს არსებულ ინფრასტრუქტურასა და ტექნიკა-დანადგარებს. ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიამ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება ფოთის პორტში.

2018 წლის 8 თვის მონაცემების თანახმად, ნავსადგურში 231904 TEU კონტეინერი გადამუშავდა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით“, - ნათქვამია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციაში.