დეპუტატის კომპანია მთავრობას საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას სთხოვს

მთავრობისგან ამ დროისთვის საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას 18 კომპანია ითხოვს.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვალდებულების გადავადებასთან დაკავშირებით, ამ კომპანიათა მიმართვა ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.

მათ შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მთავრობას ვალდებულების გადავადებას სთხოვს შპს „ფაზის ოილია“. ცნობისთვის, ეს კომპანია ყულევის ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის ინვესტორია. იგი წარმოადგენს შპს Socar Georgia Investments-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.

მთავრობის განკარგულებით (N 790) გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები - მან გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა. ამასთან, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.

ამ 18 კომპანიას შორის არის ასევე შპს „მერფი ყაზბეგი“, რომელსაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომისა და სასაწყობე მეურნეობის მოწყობის პროექტის განხორციელების მიზნით 49 წლის ვადით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობებით გადაეცა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20 საწოლზე გათვლილ სასტუმროს მშენებლობას და არანაკლებ 300 კვ.მ. ფართის მქონე სწრაფი კვების ობიექტის მოწყობას. ჯამში კომპანია 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას მთავრობას პარლამენტის წევრის კომპანიაც სთხოვს. საუბარია, შპს „იბერკომპანიზე“, რომელიც გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის, თუმცა, როგორც რეესტრის 2018 წლის სექტემბრის ამონაწერშია აღნიშნული, კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი ამჯერად ბექა კიკალეიშვილია.

ამასთან, ვალდებულების გადავადებას ითხოვს შპს „კატევე ხობი“. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიას 2016 წელს ხობის რაიონში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიზნით, საკუთრებაში გადაეცა 200ჰა მიწის ფართობი, რომელზეც კომპანიას საკუთარი ფინანსებით უნდა გაეშენებინა დაფნის პლანტაცია. თუმცა, გასულ წელს კომპანიაში აღნიშნავდნენ, რომ დაფნის პროექტი თხილის პროექტით ჩანაცვლდა.

სხვა კომპანიებს რაც შეეხება, მთავრობას საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას სთხოვს ასევე: შპს „კამარა ექსპრესი“; შპს SAYALI; შპს "მიწათმოქმედდთა ერთობა"; შპს "აპტოს"; შპს "სამშენებლო კერამიკა"; შპს "ქოჩკაბლო"; შპს "თემა ჯგუფი" (უცხოური საწარმოს ფილიალ „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს უფლებამონაცვლე); შპს „ლონდონი“; შპს „ვუდმასტერი“; შპს „შიტრიტ ჯგუფი საქართველოში“; შპს „ოლიმპიკი“ (ამჯამად: შპს "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი - ოლიმპიკ") და შპს „სინემა 13“.