2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს იყო.ასევე, იქნება სპეცტრანსფერები ცენტრალური ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, მერიისთვის ყველა მიმართულება პრიორიტეტია და საკმაოდ ბევრი პროექტია დაგეგმილი მომდევნო წლისთვის.
„ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს იყო. შემიძლია დაგპირდეთ, რომ იქნება იმაზე მეტი ვიდრე, იყო წელს და განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტს, ვიდრე განხორციელდა წელს. პროექტები იქნება სხვადაასხვა მიმართულებით, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეკოლოგია, ნარჩენების მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ყველაფერი ეს მიმართულია, რომ თბილისში ცხოვრება იყოს კომფორტული. ყველა მიმართულება არის პრიორიტეტული. ბიუჯეტის ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, იქნება სპეცტრანსფერები გამოყოფილი, რადგან ის დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ამას მხოლოდ თბილისის ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნება წამოღებული სპეცტრანსფერების სახით",- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციაში აცხადებენ რომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი შემცირებულია და პრიორიტეტები სწორად არ არის განსაზღვრული.