რამდენიმეწლიანი ვარდნის შემდეგ საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 40 397 ავტომობილი გავიდა, რაც 90,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 44,2%-ით მთლიანი წლის სტატისტიკასთან შედარებით. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს, ზრდა აქაც მნიშვნელოვანია, კერძოდ, 2018 წლის 10 თვეში რეექსპორტიდან შემოსავალი 131,7 მლნ დოლარით, დაახლოებით 80%-ით გაიზარდა.
წლების განმავლობაში საქართველო რეგიონში ავტომობილების ნომერ პირველ რეექსპორტიორ ქვეყნად ითვლებოდა. ყველა დიდი რაოდენობით ავტომანქანა ყაზახეთში გადიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ყაზახეთი ერთიანი ევრაზიული კავშირის წევრი გახდა, საქართველოდან ყაზახეთში ავტომანქანების ექსპორტი ფაქტობრივად, ნულზე დავიდა. მოგვიანებით, 2014 წელს ქართული ავტოდილერები აზერბაიჯანის მიერ „ევრო-4“-ის სტანდარტზე გადასვლამ დააზარალა. ამ სტანდარტის მიხედვით, აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების შეყვანა აიკრძალა, შედეგად ექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 517,7 მლნ. დოლარამდე შემცირდა, 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტმა 179,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბოლო წლებს, აქ უკვე ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 40 397 ერთეული ავტომანქანა გავიდა, რაც თანხობრივ ნაწილში 294 607,9 ათასი აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მხოლოდ 12 159 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამში 131 634,1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების. 2017 წლია იანვარ-ოქტომბერში კი 21 198 ერთეული მანქანის რეექსპორტი განხორციელდა, ჯამში 162,8 მლნ დოლარის.
კონკრეტულად სტატისტიკა კი ასე გამოყურება: მსუბუქი მანქანების რეექსპორტით პირველ ადგილზეა სომხეთი, იქ 10 თვეში 22 575 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. 7 955 ავტომობილი გავიდა აზერბაიჯანში, 6 698 - უკრაინაში, 1 218 რუსეთში და 823 ერთეული ყირგიზითში.
გარდა ყირგიზეთისა, გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი შუა აზიის სხვა ქვეყნებშიც, ტაჯიკეთსა და ყაზახეთ. თუ 2017 წელს ორივე ქვეყანაში ერთად 26 ერთეულ ავტომობილზე მეტი არ გავიდა, წელს 10 თვეში ექსპორტმა 166 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, საქართველოდან ექსპორტი იქაც ხორციელდება. 2018 წლის 10 თვეში შვეიცარიაში 69 ერთეული მანქანა გავიდა, ბელგიაში - 58, გერმანიაში - 37, ბულგარეტში - 16 და ა.შ.