აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი აზიურ ქვეყნებს ახეირებს

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი, ამ ორი ქვეყნის გარდა, მსოფლიოსა და რა თქმა უნდა, აზიის ქვეყნების ეკონომიკებსაც აზარალებს. მაგრამ „ნომურა ჰოლდინგსის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ არის ქვეყნები, რომლებიც ამ ომით მოგებას მიიღებენ.

კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკული და ჩინური კომპანიების მიერ ახალი პარტნიორების ძიება, ყველაზე მეტ მოგებას მალაიზიას, იაპონიას, პაკისტანს, ტაილანდს და ფილიპინებს მოუტანს. ასეთ დასკვნას „ნომურა“ იმ სიების გაანალიზების შედეგად აკეთებს, რომლებში შესული პროდუქციაც, გაზრდილი ტარიფებით დაიბეგრა.

ჩინეთიდან წარმოების გატანა, ყველაზე მეტად ვიეტნამს ახეირებს. ამ ქვეყანაში ცისქვეშეთიდან ყველაზე მეტი საწარმო გააქვთ. ამ მხრივ, ვიეტნამს მალაიზია, სინგაპური და ინდოეთი მოჰყვებიან.

კვლევის შესაბამისად, იმპორტის ახალი წყაროების ძიების მხრივ, ყველაზე მეტ მოგებას 13 აზიური ქვეყანა მიიღებს. მათ შორის გამორჩეულები არიან ბანგლადეში, ინდოეთი და სამხრეთ კორეა.

„ნომურას“ იმპორტის ცვლის ინდექსი, რამდენიმე კრიტერიუმს ეფუძნება. ესენია: ქვეყნების გეოგრაფიული დაშორება; ტარიფებში მოხვედრილი პროდუქციის ადგილზე (აშშ-ში და ჩინეთში) წარმოების შესაძლებლობა; ჩინეთისა და აშშ-სთვის ამათუიმ პროდუქციის მნიშვნელობა და სხვა.

ყველა ტიპის პროდუქციას, „თავისი შემცვლელი“ ქვეყანა ჰყავს. მაგალითად, ავტომობილების მწარმოებლებისთვის საუკეთესო შემცვლელი იაპონიაა, ბამბის ნაწარმის შემთხვევაში, პაკისტანი საუკეთესო ალტერნატივაა, ელექტრონიკის და გათხევადებული გაზის მხრივ, ყველაზე მეტ მოგებას მალაიზია ნახავს. საბანკო საქმეში მოწინავე ალტერნატივა სინგაპურია და ასე შემდეგ.