ნარჩენების იმპორტთან დაკავშირებული აკრძალვები შესაძლოა, თიზ-ებზე არ გავრცელდეს

ნარჩენების იმპორტთან დაკავშირებული აკრძალვები, შესაძლოა, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე არ გავრცელდეს.

ამის შესახებ „ ბიზნესპრესნიუსს“ ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან უკვე გაიმართა მოლაპარაკებები და კონკრეტული გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

„ჩვენ მოვისმინეთ შესაძლო პოტენციური აკრძალვების შესახებ, რასაც ხელისუფლება ნარჩენების იმპორტთან დაკავშირებით აპირებს. თუმცა ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მათთან აქტიური კომუნიკაცია და შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებები თიზ-ებს არ შეეხოს“, - აცხადებს ნიბლაძე. .

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა ამ ეტაპზე შეფერხებულია. ამის მიზეზად სოსო ნიბლაძე სწორედ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივას ასახელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ზოგიერთი სახის ნარჩენის იმპორტის აკრძალვა იგეგმება.

„ჩვენ თითქმის დასრულებული გვქონდა პლასტმასის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ორი საინვესტიციო პროექტი, რომელიც პლასტმასის ნარჩენების შემოტანას და გრანულების წარმოების მიზნით, შემდგომ გადამუშავებას გულისხმობს. საკმაოდ სოლიდური პროექტები იყო. მათში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება და 150-მდე ადამიანის დასამება იგეგმებოდა. თუმცა, ორივე პროექტი მთავრობის ინიციატივამ შეაფერხა. ვთვლით, რომ თიზ-ებში აღნიშნული ტიპის გადამუშავებები დაშვებული უნდა იყოს და ამ მიმართულებით კოორდინაციას ვაგრძელებთ მთავრობასთან. გვქონდა საუბარი გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან და მათგან ველით შემდეგ ნაბიჯებს. ვფიქრობთ, რომ რომ ეს პროექტები წარმატებით დასრულდება.“-განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად კანონპროექტს, ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში სახიფათო ნარჩენების იმპორტი აიკრძალება, სახიფათო ნარჩენი კი შეიძლება იყოს ნივთიერება, რომელიც არის: ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მჟანგავი, კანცეროგენული, ტოქსიკური და ა.შ.

კანონპროექტის მიხედვით, სახიფათო ნარჩენების იმპორტის აკრძალვასთან ერთად, აიკრძალება არასახიფათო ნარჩენების იმპორტი (განთავსების და შუალედური აღდგენის მიზნით), ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ ნარჩენების ნუსხა, რომელთა იმპორტიც დაიშვება.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ექსპორტისთვის აკრძალულ და დაშვებულ ნარჩენებს, კერძოდ, აკრძალულია სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ იმპორტის ქვეყანა არ არის ბაზელის კონვენციის მხარე ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს ან არ გაუცია თანხმობა კონკრეტული ნარჩენების იმპორტზე. ამასთან, ექსპორტისთვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა ასევე დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კანონპროექტით დგინდება ნარჩენების ტრანზიტთან დაკავშირებული აკრძალვები, კერძოდ, აიკრძალება სახიფათო ნარჩენებისტრანზიტი, ხოლო ტრანზიტისთვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ქრისტინე გამთენაძე