ფონდი „ქართუ" მოქალაქეების სასესხო დავალიანების დაახლოებით 30-40%-ს გადაიხდის.ამ თანხის ზუსტი ოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, ცნობილია ის სავარაუდო მაჩვენებელი, რა დონეზეც „ცოცხლდება" უიმედო ვალები. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს შეიძლება იყოს არსებული დავალიანების 20-40%-ის ფარგლებში.
ფონდი „ქართუ" რომ გაცილებით ნაკლებ თანხას გადაიხდის 600 000 მოქალაქის უიმედო ვალის ჩამოწერაში, ნაწილობრივ ადასტურებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, რომლის განცხადებითაც, საფინანსო სექტორთან მოლაპარაკებისას გაცილებით ნაკლებ თანხაზე იქნებოდა საუბარი.
მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის გადადგმულ ნაბიჯს ეს სულაც არ აკნინებს. მთავარია, რომ მოსახლეობას ეს ვალდებულება ჩამოეწერება, ხოლო თუ რა დაუჯდება „ქართუს" მსესხებელთა ვალდებულებების გადახდა, ეს საერთოდ განყენებული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ იანვრიდან ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება, მოიხსნას სასესხო ტვირთი და ამით შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ არა სესხის სიმძიმეს, არამედ ამ გაუსტუმრებელი ვალებისგან შექმნილ პრობლემას, რაც მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ აღნიშნა, გამორიცხული არ არის, ფონდ „ქართუსა" და საფინანსო ინსტიტუტებს შორის ისეთი ტიპის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც ყველა მხარე მოგებული დარჩება. საფინანსო ინსტიტუტის პორტფელის შესყიდვისას, თითოეულ მათგანში დაფიქსირებული თანხის ავტომატურ რეჟიმში შესყიდვა არ ხდება. შესაბამისად, არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ფონდ `ქართუს~ ავტომატურად 1,5 მლრდ ლარის გადახდა უწევს, რაც სასესხო დავალიანების ჯამურ ოდენობას შეადგენს.
„უშუალოდ მოლაპარაკებაში ჩართული არ ვყოფილვარ და ამის საჭიროებას არც ვხედავ. მე ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თემა ვიცოდი, მიზანი და ყველაფერს ვეთანხმები. თუმცა თითოეული საფინანსო ინსტიტუტის პორტფელი, რომლის შესყიდვაც მოხდება, იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანში დაფიქსირებული თანხის ავტომატურ რეჟიმში შესყიდვა უნდა მოხდეს.
თუ პირობითად ავიღებთ 100 მსესხებელს, რომელზეც ფინანსურ ინსტიტუტს გაცემული აქვს კრედიტები, მათგან ამავე ინსტიტუტს შეფასებული აქვს, რომ სესხის დაბრუნების შანსი აქვს 100%, ვიღაცას 50% და ა. შ. ამ მოლაპარაკებებში შენთვის მისაღები პირობა შეიძლება იყოს, რომ გარანტირებულად მიიღო 30 მსესხებელთან დაკავშირებული თანხა და ამის სანაცვლოდ უარი თქვა დანარჩენ 70%-ზე. არ გამოვრიცხავ ასეთი ტიპის მოლაპარაკებას, რომლითაც ორივე მხარე მოგებული იქნება და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში მოგებული იქნება ის 600 ათასი ბენეფიციარი, რომელზეც არის გათვლილი ეს გადაწყვეტილება.
უშუალოდ მოლაპარაკების დეტალები, სავარაუდოდ, კომერციულ საიდუმლოებად დარჩება, მაგრამ არც ველი, რომ რადგან პორტფელი მთლიანობაში 1 მილიარდ 500 მილიონად შეფასდა. ეს თანხა უნდა დაფიქსირდეს საბოლოო ჯამში, როგორც ჯამი გარიგებებისა. ეს არც არის საჭირო რომ მოხდეს. კომერციული მოლაპარაკებები იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნას მიღებული", -განუცხადა „აიპიენს" კაკულიამ.
„რეზონანსი" დაინტერესდა, ვადაგადაცილებული და უიმედო სესხების შემთხვევაში კომპანია რამდენპროცენტიან დათმობაზე მიდის. როგორია ამ მხრივ პრაქტიკა და სავარაუდოდ, რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს ფონდს, რომელმაც მოქალაქეების შეუსრულებელი ვალდებულებები იკისრა.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ხელმძღვანელმა ირაკლი ბერძენაძემ უშუალოდ დაასახელა კონკრეტული ციფრები, თუ როგორ ხდება გარიგება უიმედო ვალების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. როგორც წესი, დაინტერესებული მხარე 20-დან 40%-მდე თანხას იხდის, დანარჩენზე საფინანსო ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ.
„ბანკებისთვის ფონდ „ქართუს" ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან ამ თანხის ამოღება რეალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ხშირ შემთხვევაში კი, ვალის დაბრუნება საერთოდ შეუძლებელი იყო.
რაც შეეხება ფონდის მიერ რეალურად გადასახდელ თანხას, ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებთ, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე გარკვეული ვარაუდის გაკეთება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, გააჩნია სესხის კატეგორიას, ვადიანობას და ამოღების მექანიზმს.
გარკვეულ დათმობაზე საფინანსო სექტორი წავა, ეს ცხადზე ცხადია. ასეთ შემთხვევაში რეალურად გადასახდელი თანხის მოცულობა შეიძლება 20%-დან 40%-მდე ვივარაუდოთ. რამდენადაც ვიცი 150 ათასი მსესხებელი იყო სიღარიბის ზღვრის ქვემოთ, ანუ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე. უნდა ჩავთვალოთ, რომ ფინანსურ ორგანიზაციას მათგან სესხის ამოღების შანსი არც ჰქონდა. ეს ფაქტობრივად, მკვდარი ფულია, ბანკები ვერასდროს ამოიღებდნენ და „ქართუს" მეშვეობით ამ სესხს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა, ამით ზარალი შემცირდება.
ყველაზე მეტი პლუსია ის, რომ ამ ფულს გაუშვებენ მიმოქცევაში. შეღავათი ასეთ შემთხვევაში გაცილებით დიდია. ბოლო წლების განმავლობაში პირველად გაჩნდა იმედი, რომ ფონდის დახმარებით შეძლებენ ამ თანხის ამოღებას;", - განუცხადა „რეზონანსს" ბერძენაძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"