საფინანსო ბაზრის მონაწილეები, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხაზინების პროფესიულ ასოციაციას ქმნიან

საფინანსო ბაზრის განვითარებისათვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო სამსახურებმა ფინანსური ბაზრების ხაზინების პროფესიული ასოციაცია დააფუძნეს, რომლის მთავარი მიზანი მონაწილეთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სახაზინო ბაზრების შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა იქნება.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ასოციაციის ერთ-ერთი პირველი ამოცანა ქართულ ბაზარზე საერთაშორისო გლობალური სავალუტო ბაზრის კოდექსის (FX Global Code) პრინციპების დანერგვაა. FX Global Code-ი საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის (BIS) ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. მის შექმნაზე რამდენიმე წელიწადი მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები და სავალუტო ბაზრის მსხვილი კომერციული მონაწილეები მუშაობდნენ.

„აღნიშნული კოდექსი სავალუტო ბაზარზე საერთაშორისო მასშტაბით ერთიან წესებსა და ქცევის პრინციპებს აწესებს. მისი მიზანია ბაზარი გახადოს უფრო გამჭვირვალე, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის დაამყაროს სამართლიანი ქცევის ნორმები და ფინანსური ინსტიტუტების შიგნით ორგანიზაციული სტრუქტურის მიმართ განსაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც მათ საქმიანობას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს. სავალუტო კოდექსი ოფიციალურად 2017 წლის მაისში გამოქვეყნდა და იმავდროულად შეიქმნა გლობალური სავალუტო კომიტეტი, რომელიც აერთიანებს იმ ეროვნულ კომიტეტებს ან ასოციაციებს, რომელთაც საკუთარ ქვეყნებში სურთ კოდექსის დანერგვა. კომიტეტის წევრები არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროზონის ქვეყნები, იაპონია და კიდევ 10-მდე ქვეყანა. ახლადდაარსებული ასოციაციის პირველი მიზანი სწორედ ამ ჯგუფში გაწევრიანება იქნება.

კოდექსის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში USAID-ის დაფინანსებით საერთაშორისო კონსულტანტები ჩამოვლენ და ტრენინგებს ჩაუტარებენ როგორც ეროვნულ ბანკის წარმომადგენლებს, ასევე ბაზრის მონაწილეებს.

სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ასოციაციის საქმიანობაში ჩართული იქნება ეროვნული ბანკი, რომელიც იმავდროულად თავმჯდომარის ფუნქციას შეასრულებს. მომავალში ასოციაცია გეგმავს საქმიანობის გაფართოებას და სხვა სფეროების მოცვას, ფინანსური ბაზრის მონაწილეებისათვის ტრენინგების ჩატარებას, ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვის ინიციატორის როლის შესრულებას და ფინანსური ბაზრის განვითარების სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.