დედაქალაქის ყველა სამსახურის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა, რომ თბილისში შეჩერებული მშენებლობა არ იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძე ამ განცხადებით დედაქალაქში არსებულ შეჩერებულ მშენებლობებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე თბილისში სულ 179 შეჩერებული მშენებლობაა.
„თბილისში სამწუხაროდ, 179 შეჩერებული მშენებლობაა. გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული. არიან მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემები იყოს მოგვარებული. დღეს გამოგვაქვს ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მივიღეთ. ეს ეხება „ოლიმპიურ ვარსკვლავს“, დაახლოებით, 350 ოჯახია დაზარალებული. დედაქალაქის მთავრობამ თავის კომპეტენციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭიროს. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთდა. ამ კომპანიას, დეველოპერს ხვალიდან ექნება შესაძლებელი, რომ დაიწყოს და დაასრულოს ეს პროექტი.
ჩვენ ვმუშაობთ „სვეტთან“ დაკავშირებითაც. როგორც კი მერიაში შემოვა საბუთები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რათა არც ერთმა ადამიანმა არ დაკარგოს არც ერთი თეთრი. ასევე ინდივივიდუალურად ვმუშაობთ სხვა დეველოპერებთანაც“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება შენობების ხანდაზმულობაც.
„ჩვენ ვთხოვთ დეველოპერებს, რომ წარმოადგინონ კონსტრუქციული დასკვნა, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შესაძლებები იქნება მშენებლობის გაგარძელება და მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნება“, - განაცხადა ქალაქის მერმა.