ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მომზადებულია ცვილებების პროექტი, რის მიხედვითაც ტექდათვალიერების ცენტრები ვალდებულები იქნებიან სამუშაო აწარმოონ ლაივ დაკვირვების რეჟიმში.

„ვფიქრობთ, რომ კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი დასახვეწია. ამ მიმართულებით რეგლამენტში შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები, რათა ლაივ რეჟიმში მოხდეს მონიტორინგი, რათა არ იყოს ძველი დროის ნოსტალგია „ტეხასმოტრის“ და ის პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას აქვს.

ვფიქრობთ, რომ წარმატებით მიმდინარეობს რეფორმა. თუმცა, მთავარი ტალღა რეფორმის მომავალ წელს გველოდება ჩვენ, როდესაც ინსპექტირებას კერძო სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ ყველა გამოწვევას. დღეს 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრია, გარდა ამისა ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში დაემატება 51 ტექდათვალიერების ცენტრი. აქედან სამი არის მობილური ტექდათვალიერების ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იმოძრავებს.

ჩვენ მომზადებული გვაქვს ცვლილების პაკეტი. ახლა გადის შეთანხმებას და ვგეგმავთ უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ ეს პროექტი. ეს გულისხმობს დახვეწას და ლაივ კამერების სავალდებულო რეჟიმში ჩართვას. ეს არის არსებითი.

დღეს ჩართულია, ოღონდ ტექინსპექტირების ცენტრებს ვალდებულება აქვთ, რომ ეს ჩანაწერები შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში გადმოგვცენ. მაგრამ როდესაც ლაივ რეჟიმში იქნება და ყველას ექნება საშუალება და წვდომა, ეს პრევენციის ღონისძიებაა“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა და ის ეტაპობრივად განხორციელდება. დღეის მონაცემებით, საქართველოში 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრი ფუნქციონირებს.