„დოლჩე და გაბანამ“ ჩინეთში ჩვენება სკანდალის გამო გააუქმა

კომპანიის რეკლამასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, „დოლჩე და გაბანამ“ შანჰაის კომერციულ ცენტრში დაგეგმილი ჩვენება გააუქმა.

CNBC-ის ინფორმაციით, საუბარია კომპანიის სამ ვიდეორგოლზე, რომლებიც „ტვიტერსა“ და „ინსტაგრამზე“ გავრცელდა. მათში ჩინელი ქალია ნაჩვენები, რომელიც ჩხირებით პიცას და სპაგეტის ჭამას ცდილობს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ამ რეკლამებმა „ტვიტერის“ ჩინურ ანალოგ „ვეიბოზე“ 120 მილიონი ნახვა დააგროვა. „როიტერსის“ ინფორმაციით, სკანდალი გამოიწვია ინსტაგრამზე გავრცელებულმა სქრინშოტებმა, სადაც თითქოს კომპანიის თანადამაარსებელი სტეფანო გაბანა ამბობს, რომ „ჩინეთი არის უმეცარი, ბინძური და მყრალი მაფია“.

ამასთან დაკავშირებით, „დოლჩე და გაბანამ“ „ვეიბოზე“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარის გამო წუხილია გამოთქმული და ნათქვამია, რომ გავრცელებული გამონათქვამები სინამდვილეს არ შეესაბამება. კომპანიისვე განცხადებით, „ინსტაგრამზე“ მის გვერდზე ჰაკერებმა შეაღწიეს. ამ ყოველივეს გამო, კომპანია იუწყება, რომ შანჰაიში დაგეგმილი ჩვენება გადაიდო. ამ განმარტების მიუხედავად, ჩინური შოუბიზნესის ბევრმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „დოლჩე და გაბანას“ ბოიკოტს უცხადებს და მის ჩვენებებს არ დაესწრება.