ელექტრომობილები სიძვირით გამოირჩევა, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მაგრამ „ჯენერალ მოტორსი“ თავის ჩინელ პარტნიორ SAIC-თან ერთად, ჩინური ბაზრისთვის აწარმოებს პატარა ელექტრომობილს, რომელიც სულ რაღაც, 5 000 დოლარი ღირს.ამ ავტომობილის სახელია „პაოძინ E100“ და მას ერთი სრული დამუხტვით, 155 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ორადგილიანი E100 თავისი მცირე გაბარიტების წყალობით, ავტომობილებით გადატვირთულ ქალაქში სამოძრაოდ მისწრებაა. და მისი სვლის სიშორე, მის ყოველდღიურ ექსპლუატაციას მოსახერხებელს ხდის. მისი სიგრძე 2 488 მილიმეტრია, სიგანე 1 506 მილიმეტრი, სიმაღლე 1 670 მილიმეტრი. შესაბამისად, მცირეა ბორბლებს შორის ბაზა (1 600 მილიმეტრი), რისი წყალობითაც, ავტომობილის მოხვევის რადიუსი მხოლოდ 3.7 მეტრია. ამგვარად, ჯუჯა „სმარტ ფორთუც“ კი, E100-თან შეიძლება გიგანტად მოგეჩვენოთ.
E100-ს მამოძრავებელ ძალას ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრე 39 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 100 ნიუტონმეტრი. ავტომობილი 800 კილოგრამს იწონის, რაც მისი მცირე ზომების გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრია, თუმცა წონის დიდი ნაწილი, ლითუმ-იონური ელემენტების ბლოკზე მოდის. სტანდარტული სისტემით, ელემენტების სრულად დამუხტვას 7.5 საათი სჭირდება. ავტომობილი ასევე აღჭურვილია მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემით, რომელიც ელემენტებს მოძრაობისას მუხტავს.
„ჯენერალ მოტორსმა“ და SAIC-მა, ამ პატარა ელექტრომობილის გაყიდვები ბრენდ „ვულინის“ სახელით შარშან დაიწყეს. პირველად ის ავტონომიურ რეგიონ გუანსის ქალაქ ლიუჟუში დაიწყეს, სადაც გაყიდვების პირველივე წელს, E100 ბესტ სელერი გახდა. ეს კი მისმა ფასმა განაპირობა - ყველა სახის შეღავათების გათვალისწინებით, ადგილობრივებისთვის ელექტრომობილი 5 300 დოლარად არის ხელმისაწვდომი.