„ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვა უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას“

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებული ტენდენციები და რისკები ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა სხდომის შემდგომ არსებითად არ შეცვლილა.დაკრედიტება კვლავ მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას და წლიურმა ზრდამ 2018 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18% შეადგინა. დაკრედიტების აღნიშნული ზრდის გათვალისწინებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა გრძელვადიან ტრენდს1 აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული იპოთეკური სესხების ზრდით არის განპირობებული. საგარეო რისკების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის სესხების ზრდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიუთითებს ფინანსურ ინსტიტუტებს სათანადოდ მოახდინონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების შეფასება და მათი გათვალისწინება. საპროცენტო რისკს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრეს სცენარების ანალიზისასაც.

"საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა. დაკრედიტების ზრდის აღნიშნული ტენდენცია კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების ამოქმედება საკრედიტო ზრდას მდგრად დონემდე შეამცირებს. კომიტეტი დააკვირდება აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გავლენას საკრედიტო პორტფელის ზრდაზე და გადაწყვეტილებას კონტრციკლური ბუფერის ამოქმედების თაობაზე ამის გათვალისწინებით მიიღებს.

ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვა უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას და დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს ჭარბ საკრედიტო ტვირთსა და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს (მაგალითად, ბოლო წლებში მსგავსი რეგულაცია დანერგილ იქნა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, ლიტვა, ჩეხეთი).

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის", - განმარტავენ სებ-ში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა მომავალი წლის 20 თებერვალს გაიმართება.