„ქართუს“ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანების თანადაზღვევაში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა

1-ლი მარტიდან 30 სექტემბრამდე საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე 531,800 პოლისი გაიცა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაცემული პოლისების 70% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ 7 თვეში საქართველოს საზღვარი 372 778-მა მსუბუქმა ავტომობილმა გადმოკვეთა.

რაც შეეხება დანარჩენ სატპანსპორტო საშუალებებს, 1-ლი მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით სადაზღვევო პოლისი გაიცა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ 4,395 მოტოციკლზე, 75,713 - სატვირთოზე, 6,351 - ავტობუსზე, 814 - სპეც-ტექნიკაზე, 71,749- ტრაილერზე.

ამასთან, ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 22,714,403 ლარი, ანაზღაურებული ზარალი იყო 512,348 ლარი, ხოლო დამდგარი ზარალი (ჯერ დაურეგულირებელი ზარალების ჩათვლით) შეადგენს: 1,341,680 ლარს

„531,800 გაცემულ პოლისზე მოქმედებს თანადაზღვევის პრინციპი. ყველა სადაზღვევო კომპანიას აქვს დაზღვეული 531,800 პოლისი, გარდა: ა) სადაზღვევო კომპანია ქართუ, არასაკმარისი მოცულობის გამო შეუჩერდა თანადაზღვევაში მონაწილეობა და რომელსაც 175,278 პოლისის თანადაზღვევაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ბ) სადაზღვევო კომპანია ჰუალინგ დაზღვევა, რომელსაც არასაკმარისი მოცულობის გამო დროებით( ერთი თვით) შეუჩერდა თანადაზღვევაში მონაწილეობა და რომელსაც 460,110 პოლისის თანადაზღვევაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში.

როგორც ცნობილია, 1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა ნორმა, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანის საშუალების მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს ავტომობილი საქართველოში სრულად ყოფნის პერიოდში. პაკეტების შეძენა შესაძლებელია სარფის, წითელი ხიდის, ყაზბეგის და სადახლოს საბაჟო პუნქტებზე.

სადაზღვევო პაკეტები რამდენიმე სახის იქნება. მსუბუქი ავტომობილებისთვის ფასი 30 დან 295 ლარამდე, სატვირთო ავტომობილებისთვის კი დაზღვევის ფასი 75 დან 950 ლარამდე განისაზღვრა. მინიმალური პაკეტი კი 15 დღიან მოქმედების ვადას ითვალისწინებს.