თითქმის 1 თვეა, რაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი იაფდება.
ამ ხნის განმავლობაში ფასი 30%-ით არის შემცირებული, მაგრამ საქართველოში ბენზინი 1 თეთრითაც არ გაუიაფებიათ, ორიოდ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ცვლილებას ქართველი მომხმარებელი უშედეგოდ ელის, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის გაიაფებისათვის საქართველოში ყველა პირობაა, იმპორტიორები არ ჩქარობენ. არც მთავრობა იწუხებს თავს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.
გლობალურ ბაზრებზე საწვავი ინტენსიურად იაფდება. ამ ეტაპზე ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარამდე ჩამოვიდა და რეალურად არის შანსი, რომ საერთოდაც 60 დოლარს ჩამოსცდეს. მიუხედავად ამისა, საცალო ბაზარს ცვლილების ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ეტყობა.
ნავთობის ფასის კლება ბოლო 1 თვის განმავლობაში განპირობებულია, ძირითადად, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების ზრდით.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საუდის არაბეთმა 3%-ით გაზარდა ნავთობის ექსპორტი წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოპოვება - 0,9%-ით. აღნიშნულ პერიოდში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 7,433 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში აგვისტოს თვის 7,214 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.
გარდა ამისა, სექტემბერში ერაყში ნავთობის ექსპორტი შემცირდა 1,9%-ით წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და გაიზარდა 2,6%-ით წლის განმავლობაში 3,953 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ნავთობის მოპოვება ქვეყანაში გაიზარდა 4,461 მლნ ბარელამდე აგვისტოს 4,46 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.
სექტემბერში აშშ-ში ნავთობის მოპოვება შემცირდა 10,047 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში წინა თვის 11,346 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, წლიური მაჩვენებელი გაიზარდა 16,4%-ით. ამერიკული ნავთობის ექსპორტმა შეაგინა 2,194 მლნ ბარელი დღე-ღამეში.
პარალელურად, მნიშვნელოვნად მატულობს აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგი. მართალია, სექტემბერში კლება იყო, თუმცა წლიური მარაგი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ქვეყანას აქვს ამბიცია, 2019 წელს ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს შორის ლიდერი გახდეს.
საერთაშორისო ტენდენციის მიუხედავად, ქართულ ბაზარს ცვლილების ნიშანწყალი არ ეტყობა. ამ ეტაპზე ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლ „სუპერი" 2,69 თეთრად იყიდება. „პრემიუმის" ფასი 2,58 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ლ „რეგულარი" 2,48 ლარი ღირს.
ბაზრის მკვლევარები აცხადებენ, რომ ახლა აბსოლუტურად ყველა პირობაა იმისათვის, რათა ფასები კლების მიმართულებით მნიშვნელოვნად წავიდეს წინ, მაგრამ იმპორტიორები ფასებს შეგნებულად არ ამცირებენ.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი შექმნილ სიტუაციაში პასუხისმგებლობას კონკურენციის სააგენტოს აკისრებს.
„გლობალურ ბაზრებზე ფასის ვარდნა სწრაფი ტემპით გრძელდება და დღეს ერთი ბარელის ღირებულება 62 დოლარამდეა შემცირებული, ანუ თითქმის 30%-იანი კლებაა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა მყარდება, მაგრამ არაფერი ადგილობრივ ბაზარს არ ეტყობა. იმ დროს ჩვენი ფასები მუდმივად ერთ ადგილზეა გაყინული და არავინ ფიქრობს შემცირებას.
ვხედავთ, რომ საგარეო და ასევე საშინაო ფაქტორი იძლევა საშუალებას, ადგილობრივ ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად წავიდეს კლების მიმართულებით, თუმცა ჩვენთან სრული განუკითხაობაა. კონკურენციის სააგენტოს ახლანდელი ხელმძღვანელის პრაქტიკული უმოქმედობა მწვანე შუქს უნთებს იმპორტიორებს, რომლებიც მთლიანად არიან აცდენილი როგორც საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსაც საბოლოოდ ეს ყველაზე მოწყვლად ფენაზე აისახება, რადგან სამომხმარებლო კალათაზე ფასების ზრდა ყველაზე მეტად სწორედ ღარიბ მოსახლეობას აზარალებს. პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც ბაზარზე ბაკქანალიის დამკვიდრებას შეუწყო ხელი", - აცხადებს „რეზონანსთან" ბაირახტარი.
ანალიტიკოსების განცხადებით, კომპანიები ხელისუფლების ხელშეწყობით სარგებლობენ და მდგომარეობას ბოროტად იყენებენ. ასე ფიქრობს მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა კემულარია. მისი შეფასებით, საქართველოში საწვავი ახლა უკვე 20%-იანი ფასნამატით იყიდება.
„ბაზარზე აბსოლუტურად იგივე ვითარებაა, რაც წინა პერიოდში იყო. კომპანიებში თავს არ ზოგავენ, რომ ნავთობპროდუქტები არ გააიაფონ. ცალსახაა, რომ მანიპულირებას ახდენენ და რეალურად ვიღებთ მაღალ ფასს, რაც მუდმივად ხდება. მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რისი დეფიციტიც დიდი პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ფასების პროგნოზი ქართული ბაზრისათვის რთული არ არის. ჯანსაღი საბაზრო პრინციპები აქ ნაკლებად მოქმედებს.
მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც საწვავი 20%-იანი ფასნამატით იყიდებოდეს. უკვე 40-თეთრიანი სუფთა მოგება აქვთ ადგილობრივ კომპანიებს და თუნდაც ამის გამო აქვთ რესურსი, რომ საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შეამცირონ მიმდინარე პერიოდში მაინც, როცა რეალურად არის ამის საფუძველი", - განუცხადა „რეზონანსს" კემულარიამ.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"