საქართველოში სიმინდის ზეთის წარმოება იწყება

„საპარტნიორო ფონდის“ და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება.როგორც „საპარტნიორო ფონდიდან“ იუწყებიან, ქართული სიმინდის ზეთი „ქარვა“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი აშშ დოლარია.

სამეგრელოში, ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა აშენდა. საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა.

ქარხნის წარმოების ხაზისა და ტექნიკით აღჭურვის პროცესი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 ტონა სიმინდის ზეთს გამოუშვებს. ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება.

საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპნია - ,,კოლხური“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს.

ფონდის ინფორმაციით, კომპანია ,,კოლხური“ მაქსიმალური ეფექტურობისთვის მინიმალური დანაკარგებით იმუშავებს და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების ცხოველური საკვები პროდუქტის წარმოებას გეგმავს. საწარმოებში ჯამში 120-ზე მეტი ადგილობრვი დასაქმდება.

„მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად სიმინდის ზეთის წარმოება იწყება. მსოფლიოში სიმინდის ზეთის წარმოება ერთერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. სამეგრელოში დამზადებული სიმინდის ზეთი პირველად ქართულ დახლებზე გამოჩნდება. წარმოება რეგიონის შემოსავლების მატებას და დასაქმებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ საქართველოში ამ საწარმოს არსებობა გლეხებისა და ფერმერებისთვის სიმინდის საკულტივაციოდ დამატებითი სტიმული გახდება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „ქართუ“ ბანკი და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.