თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში მინიშნებაც კი არ არის, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ანაზღაურება გაეზრდებათ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, მერიისადმი მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ თუ საუბარია რაიმე თანხების ზრდაზე შრომის ანაზღაურების მუხლში, საუბარი უნდა იყოს მემანქანეებზე, მძღოლებზე, მეეზოვეებზე, ბაღის პედაგოგებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად ემსახურებიან თბილისელებს და არა გამგეობის შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდაზე, რომელთაც ხელფასი ისედაც 1200, 1500 და 2000 ლარია.
"ბიუჯეტში მინიშნებაც კი არ არის, რომ გაიზრდება მემანქანეების ანაზღაურება. საკრებულოში საერთოდ აიცილეს თავიდან ეს კითხვა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" არის შპს და თავად გადაწყვეტსო, ასე განაცხადეს. შესაბამისად, დედაქალაქის მერს მოვუწოდებთ, თუ რაიმე ზრდა იქნება, იყოს ამ მიმართულებით: მემანქანეებისთვის, პედაგოგებისთვის, მძღოლებისთვის, მეეზოვეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თბილისს რეალურად ემსახურებიან", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატები დღეს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც დოკუმენტი თბილისის მერიას დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია მეტროპოლიტენის მემანქანეებს ზაფხულის პერიოდში მიმდინარე აქციების დროს დაპირდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მათთვის ხელფასების ზრდა გათვალისწინებული იქნებოდა.