"ჩვენ შეგვიძლია სატყეო ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია საქართველოში აქტიურად გამოვიყენოთ"

სატყეო ნარჩენები, ე.წ. ბიომასა ლიეტუვაში ძალიან ეფექტურად გადამუშავდება სითბურ ენერგიად.ჩვენ შეგვიძლია ბიომასის გადამუშავების ეს ალტერნატიული ტექნოლოგია გამოვიყენოთ სხვადასხვა სოფელში, სადაც რელიეფური თუ სხვა მიზეზებით გართულებულია ბუნებრივი აირის შეყვანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენციის მუშაობაში.

პროექტი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის ფარგლებში (€ 840,000, დაახლოებით 2,270,000 ლარი) დაფინანსდა. უკვე ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების 120-ზე მეტი მისია, 6 სასწავლო ვიზიტი ლიეტუვასა და უნგრეთში, ასევე მრავალი სემინარი და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.

პროექტის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას სატყეო სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოეების პროცესის დაჩქარებაში.

რეკომენდაციები ეხებოდა სატყეო სექტორის რამდენიმე სფეროს, როგორებიცაა საკანონმდებლო და მარგეულირებელი ჩარჩო, ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა, საუკეთესო ორგანიზაციული და სატყეო მმართველობის მოდელები, ასევე სანდო სატყეო ინფორმაციისა და მონიტორინგის სისტემა, ყურადღების გამახვილდება სექტორულ კომუნიკაციაზე.

„შეშის ჭრა დიდი გამოწვევაა, რადგან ტყე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რესურსია. მწვანე საფარის და ტყის შენარჩუნება ძალიან დიდი პრიორიტეტია, ამას უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, ტყით დაფარულ არეალებში, სარეკრეაციო ზონებში როგორ წარვმართოთ პოლიტიკა ისე, რომ არ დავაზიანოთ მწვანე საფარი და ამასთან, მოსახლეობას შევთავაზოთ ძალიან ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რათა მათ გათბობის მიზნით ტყის ჭრის საჭიროება არ ჰქონდეთ“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის ნავიცკასმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.