ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ავიწყდებათ იმის თქმა, რომ 2007-2008 წლებში, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მსურს შევეხო გაცვლითი კურსის რეჟიმს. საქართველოს ტიპის მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის არსებობა აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. მოქნილი გაცვლითი კურსის მნიშვნელობა არაერთხელ დადასტურდა გასული წლების კრიზისების დროს, როგორც რეგიონის, ასევე სხვა მრავალი ქვეყნის გამოცდილებით. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს 2014-2015 წლების კრიზისიც, როცა რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში კურსი მოკლევადიანი რყევების შეჩერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, გრძელვადიან პერიოდში კურსის დიდი გაუფასურება დაფიქსირდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, კურსის მოკლევადიანი მერყეობა უზრუნველყოფს მის გრძელვადიან სტაბილურობას.
„ჩვენთან სამწუხაროდ ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის გაუფასურებას ამერიკის შეერთებული შტატების დოლართან მიმართებაში. რა თქმა უნდა გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ იმის თქმა, რომ იმ პერიოდში, დაახლოებით 2007-2008 წლებში, როცა ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე მყარი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ეს ამის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.