საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური ქალაქი აშენდება.
როგორც სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახლო მომავალში სტუდენტურ კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება.
„პროექტში გათვალისწინებულია, როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24- საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფს. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლით და სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით არა მხოლოდ თსუ-ს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ისარგებლებენ.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტზე გასულ წელს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რითიც რამდენიმე ინვესტორი უკვე დაინტერესდა. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წარმოება 2019 წელს დაიწყება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.