თუშეთში მშენებლობისთვის ფიქალის ქვით სარგებლობა ნებადართული იქნება

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მშენებლობის მიზნით, ფიქალის ქვით სარგებლობა ნებადართული იქნება.

მისი მოპოვების წესს მთავრობა განსაზღვრავს.

"თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მოქმედი კანონი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მხოლოდ შეზღუდული სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას უშვებს და ფიქალის ქვის გამოყენების შესაძლებლობას არ მოიცავს.

"თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ფიქალის ქვა წარმოადგენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების, ასევე ინვესტორებისთვის - ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის აუცილებელ სამშენებლო მასალას, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა მშენებლობისას, რათა არ დარღვეულიყო თუშეთის დაცული ტერიტორიის უნიკალური ლანდშაფტი", - განმარტავს მთავრობა პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.