"მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება"

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მერძევეობის მიმართულების განვითარების მნიშვნელობასა და პოტენციალზე.

„სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ფერმერული მეურნეობების განვითარებასა და წახალისებას გულისხმობს. გამოწვევების მიუხედავად, სექტორის განვითარება შთამბეჭდავია. დარგის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში აგრარული დარგის განვითარებისთვის ძალების გაერთიანება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც სამინისტროს მუშაობის დღის წესრიგს წარმოადგენს. მერძევეობის სექტორის განვითარების კუთხით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს რიგი პროექტების შემუშავებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და განსაკუთრებული ყურადღება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოში მერძევეობის სექტორის განვითარება თვალშისაცემია, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში სექტორის განვითარებას და მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) გენერალურმა მდივანმა ალექსანდერ ანტონმა.

ღონისძიება რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციამ „საქრძე“ და EDA-მ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც „საქრძე“ ევროკავშირის მერძევეთა ასოციაციის წევრი გახდა.