მიუსაფართა თავშესაფარი მზად არის ადამიანების მისაღებად და გათვლილია 240 ბენეფიციარზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.
„მერიის დაქვემდებარებაში არსებული მიუსაფართა თავშესაფარი მზადაა ადამიანების მისაღებად. თავშესაფარი მდებარეობს სამგორის რაიონში, ლილოს ტერიტორიაზე და გათვლილია 240 ბენეფიციარზე. თუ ადამიანის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე და მას არ ექნება ღამის გასათევი, ეს დაწესებულება მიიღებს ამ ადამიანებს, ღამეს გაათენებენ და უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბასისი ჰიგიენური საშუალებებით, უფასო ცხელი სადილითა და სამედიცინო მომსახურებით“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით ჯერჯერობით, საკმარისია 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფარი.
ჩივიაშვილის ინფორმაციით, წლის განმავლობაში აღნიშნული თავშესაფრისთვის 1 300 000 ლარია გამოყოფილი, რაც ასევე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშიც.