ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქის გათავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ე.წ.შავ სიაში მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
როგორც კოვზანაძე ამბობს, ვალების განულების პარალელურად საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეების მიერ ვალების ხელახლა დაგროვებას.
„ჩვენ, 600 000-მდე საქართველოს მოქალაქეს ვათავისუფლებთ ფინანსური წნეხისგან. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ოჯახის ცხოვრებაში. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორში. ჭარბვალიანობა მთავარი პრობლემა იყო მათთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თავისუფლდებიან ამ პრობლემისგან. ერთ წელზე მეტია ამ თემაზე მიდის მუშაობა. მაშინდელი ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძისაგან. ახლა მიდის ორი პარალელური პროცესი. ერთი - ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება მოხდება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას, ანუ ორი პროცესი გვექნება- ვალების განულება და ვალების არდაგროვება. აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობის პრობლემაც მოიხსნება საქართველოს საფინანსო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცედურები გვექნება. 600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის ვალების განულება ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, თითქმის ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება წლების განმავლობაში დაგროვილი ამ პრობლემისგან. ამასთან, პირველი იანვრიდან ძალაში შევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რომელიც გულისხმობს ვალების არდაგროვებას. ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან გათავისუფლება საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კოვზანაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.