დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებას, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებასა და ზოგადად სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელებას შეეხება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე მისულ სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი მიესალმნენ.
მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ცნობილმა ჩოგბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა მოაწერეს.
გიორგი ქობულიას განცხადებით, ჩოგბურთის განვითარებას ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც. მისი თქმით, ჩოგბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩოგბურთის განვითარება რეგიონებშიც გაგრძელდება.
„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მზიურის საჩოგბურთო კორტები 2017 წლის 13 ივნისს ფედერაციასა და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაეზარდა.
მზიურის საჩოგბურთო კორტები 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. კომპლექსი აერთიანებს 7 ღია და 4 დახურულ კორტს, ხოლო ტრიბუნა გათვლილია 800-მდე მაყურებელზე,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.