ტყის კოდექსის განხილვას პარლამენტი წლის ბოლომდე დაიწყებს - რას ითვალისწინებს პროექტი?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტყის კოდექსზე მუშაობა დაასრულა.მინისტრის ინფორმაციით, კოდექსის საბოლოო ვერსიის განხილვებს პარლამენტი წლის ბოლომდე დაიწყებს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, კოდექსი განსაზღვრავს ტყეების ახალ კატეგორიებს. კანონმდებლობაში შემოდის რეკრეაციული, სამეურნეო, დაცული და კერძო ტყეების სტატუსები.

„ტყის კოდექსი ახლებურ მიდგომას აყალიბებს საქართველოში ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. ამ რეფორმას 2019 წლის დასაწყისიდან ინტენსიურად განვახორციელებთ. ამისათვის ბიუჯეტიდანაც გამოყოფილია სახსრები. კოდექსის საბოლოო ვერსია უკვე არსებობს და ის ფართო საზოგადოებრივი განხილვის შედეგად არის მიღებული. წლის ბოლომდე კი პარლამენტი დაიწყებს პროექტის განხილვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება ტყის მდგრადი განვითარება. ტყეს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური. ამ ფუნქციების სწორად გამოყენება არის ტყის კოდექსის ძირითადი პრინციპები“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, საქართვლოში ტყე ძირითადად სოციალური ფუნქციის მატარებელია.

„ჩვენთან ტყის რესურსის დიდ ნაწილს გათბობის მიზნით იყენებენ. მდგრადი მართვა გულისხმობს, რომ ტყის ეკოლოგიური ფუნქციები სწორად იქნას შენარჩუნებული. ტყეს შეუძლია ძალიან კარგი ეკონომიკური ეფექტის მოტანა. მათ შორის, როგორც მერქნული, ისე არამერქნული რესურსის გამოყენების კუთხით და ამ მხრივ საქართველოს ტყეები ძალიან მდიდარია. ვფიქრობ, რომ ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ გეგმაში გვაქვს, იქნება ტყის ახალი კოდექსის განხორციელების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ პრობლემაზე გარემოსდამცველებიც წლებია საუბრობენ. ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განმარტებით, დღეისათვის დაზუსტებული მონაცემები, თუ რა ოდენობის ხე-ტყის მოხმარება ხდება ყოველწლიურად საქართველოში, უცნობია.

„ძალიან პრობლემატურია პირველ რიგში აღრიცხვა, რა რაოდენობის შეშა გვჭირდება საქართველოში. დიდი ხნის განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ტყის უკანონო გაჩეხვითა და რეალიზაციით გაჰქონდა თავი. სახელმწიფო სისტემა ამას ვერაფრით ვერ ერეოდა. იყო ძალიან სერიოზული პრობლემები, დღესაც რჩება ეს გამოწვევები. არის თუ არა შეშის მოხმარება ამ ეტაპზე? არის. მაგრამ რა ოდენობის, ამის სრული აღრიცხვა არ ხდება. საქართველოში უნდა დაიშვას კომუნალური ტყეების არსებობა. ეს უნდა იყოს პოლიტიკური ნება. ახალი კოდექსი აქეთკენ არის წარმართული, თუმცა ვნახოთ რა სარგებელს მოიტანს ის და რა ფორმით მოხდება მისი მიღება.“-განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში მიიღო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 და 2017 წლებში დახერხილი ხე-ტყის იმპორტი საშუალოდ 6 მილიონ 300 ათას დოლარს შეადგენდა.

ქრისტინე გამთენაძე