ქობულეთში ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება

ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება.როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან იუწყებიან, ახალი სასტუმრო კომპლექსი ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ტურისტული ზონის განვითარებას.

სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას დღეს საფუძველი ჩაუყარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შერაზადიშვილმა. გაიმართა კაფსულის სიმბოლური დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაც.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო ქობულეთში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

„ქობულეთს განსაკუთრებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ პოტენციალის სრული რეალიზება. ახალი, მრავალფუნქციური 240-ნომრიანი სასტუმრო ქობულეთში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს არის მეტი დასაქმება რეგიონში, ეს არის მეტი განვითარება და წინსვლა. ბიზნესს სჭირდება ხელშეწყობა, სჭირდება თავისუფლება და, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მოწოდებულია ამ გარანტიების შექმნისთვის, მოწოდებულია ბიზნეს-პროცესების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. მჯერა, ახალი მაღალი კლასის სასტუმრო ქობულეთში იქნება მიმზიდველი ტურისტული დანიშნულება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.

ახალ საინვესტიციო პროექტს შპს "ელ & ერ კომპანი" საერთაშორისო სტანდარტების და გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით განახორციელებს.

შპს "ელ & ერ კომპანი" ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს.