ევროკავშირის ადრეული ეტაპის ინვესტირების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში 25 ნოემბერს თბილისს ევროპის წლის ენჯელ ინვესტორი, ბრიჯიტ ბომანი ეწვევა და პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე, რომელიც „სტარტაპ-გრაინდის“ მიერ არის ოგანიზებული, ბრიჯიტ ბომანი აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ის ევროპელი ბიზნეს-ენჯელების ქსელის პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობდა და ამ პერიოდში პირადად, 100-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია. ამასთან, ბრიჯიტ ბომანი ევროპის ტოპ-50 სტარტაპ და ვენჩურ-კაპიტალისტ ქალს შორისაა.
ამჟამად, ბრიჯიტ ბომანი Go Beyond-ს ხელმძღვანელობს, რომელიც ონლაინ-ენჯელ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 17:00 საათზე ნეთვორქინგით დაიწყება, 18:00 საათზე კი სპიკერი აუდიტორიასთან ინგლისურ ენაზე მომზადებული გამოსვლით წარდგება. 19:00 საათზე კი სასმელების თანხლებით ნეთვორქინგი გაგრძელდება.
რაც შეეხება „სტარტაპ-გრაინდს“, ის გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ასევე პირებს, რომლებიც სტარტაპის შექმნას აპირებენ, ან უკვე არსებული დამწყები ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიება, რომელიმე სტარტაპში დასაქმება ან უბრალოდ მათგან სწავლა სურთ.
„სტარტაპ გრაინდ თბილისი“ ერთი მილიონი ადამიანისგან შემდგარი გლობალური საზოგადოების წევრია.
ღონისძიებებზე, რომლებსაც „სტარტაპ-გრაინდი“ უწევს ორგანიზებას, შეგიძლიათ, შეხვდეთ როგორც ქართველებს, ისე საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს და სტუმრებს, რომლებიც სტარტაპ საზოგადოების შექმნაში აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების პირველი და ბოლო საათი სხვებთან ურთიერთობისთვის, მეგობრების შეძენისა და ერთმანეთის დასახმარებლად გზების მოძიებისათვისაა გამოყოფილი, რაც ძლიერი და წარმატებული სტარტაპ საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტია.
„სტარტაპ-გრაინდის“ დამფუძნებლები მოგვიწოდებენ, მივიდეთ მათ ღონისძიებებზე, რათა შევხვდეთ უცხო ადამიანებს და მათგან სიახლეები შევიტყოთ.
„მოდი, რათა გაიგო სიახლე მათგან, ვისაც უკვე იცნობ. იყავი მზად იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეგიძლია სხვების დახარება! ეს შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორც სოციალური მედიის მეშვეობთ ვინმესთვის პოსტის დარეკლამება, პრობლემის გადაჭრაში დახმარება, ან კარგი თანამშრომლის პოვნა. მოდი, შემოგვიერთდი გემრიელ საკვებსა და სასმელზე და ჩაერთე საინტერესო საუბრებში, ჩვენი სტარტაპ-საზოგადოების ფორმირებასთან ერთად“, - მოგვიწოდებენ ორგანიზატორები.