ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციაზე კონკურსი გამოცხადდება

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციაზე კონკურსის გამოცხადებას გეგმავენ.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ინიციატივა პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

„პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება კონცეფციის შემუშავება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა. საზოგადოების ინფორმირებისათვის, პროექტის ინიციატორები უახლოეს პერიოდში კონფერენციის მოწყობას გეგმავენ“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.